იუსტიციის მინისტრის განცხადება თბილისის იუსტიციის სახლთან დაკავშირებით

თარიღი: 13 დეკემბერი 2013
13 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თბილისის იუსტიციის სახლთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავთან დაკავშირებით შეფასებითი სამუშაო მიმდინარეობს.  
 
„ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჩართული იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტროც. ამ ეტაპზე სახურავის როგორც კონსტრუქციის, ისე შეფუთვის ნაწილს აქვს გარკვეული პრობლემები. მოგეხსენებათ,  სახურავი ფოთლებადაა დაყოფილი − მეხუთე, მეშვიდე და მერვე ფოთოლს აქვს პრობლემა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქალაქეთა მომსახურების დარბაზი ვერ გაიხსნება. 
 
ამის მიუხედავად, მოქალაქეების მიღება  „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გრძელდება სპეციალურად გახსნილ სამ პუნქტში. ეს არის: აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა; ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ეროვნული არქივის შენობა და მეტრო „მარჯანიშვილთან“ გახსნილი პუნქტები. სამივე პუნქტში შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება, ხოლო დოკუმენტების მიღება ხდება მეოთხე პუნქტში, რომელიც იუსტიციის სახლის მარცხენა ნაწილშია გახსნილი.
 
როგორც ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი, ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის გამო. თუმცა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  სერვისების მიწოდება არ შეწყვეტილა  და ოთხივე პუნქტში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ მოქმედებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
ყურადღება! სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება.

 
დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია:
  • დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო)
  • ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი)
  • აღმაშენებლის გამზ. 89/24, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან)
 დროებითი ფილიალები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.
 
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს.
 
საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში.