თბილისის იუსტიციის სახლის მომსახურების დარბაზის უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს

თარიღი: 16 დეკემბერი 2013
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ თბილისის იუსტიციის სახლთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იტალიურმა კომპანიამ, რომელიც იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდა, შენობის დაზიანებული ნაწილი შეისწავლა, ყველა დეტალი  გააანალიზა და შუალედური შეფასება წარმოადგინა, სადაც  ნათქვამია, რომ იტალიური კომპანია თბილისის იუსტიციის სახლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.
 
„ეს ჯერჯერობით შუალედური შეფასებაა. გვჭირდება გაცილებით უფრო ხარისხიანი და ფუნდამენტური გამოკვლევა იმისთვის, რომ საბოლოოდ გავიგოთ, როგორია ვითარება. რაც უფრო სწრაფად დასრულდება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ არ შეგვიძლია, სასწორზე დავდოთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნდა გვქონდეს ზუსტი და უტყუარი არგუმენტი იმისა, რომ ამ სივრცეში ადამიანების ყოფნა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, − განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და დასძინა, რომ გამორიცხული არ არის, შენობის შეფასების პროცესში სხვა სპეციალისტებიც ჩაერთონ.
 
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის იუსტიციის სახლის მუშაობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გამოირიცხება.
 
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ  იუსტიციის სახლის ყველა სერვისი აღდგენილია და დაბრკოლების გარეშე მიეწოდება მოქალაქეებს. „იუსტიციის სამინისტრომ,  იუსტიციის სახლმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის,  რომ მომხმარებლებს რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შეჰქმნოდათ“, − აღნიშნა მან.