საჯარო რეესტრმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაიწყო

თარიღი: 18 დეკემბერი 2013
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების რეგიტრაციის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ დღეს, 18 დეკემბერს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა:

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დაახლოებით, 150 კილომეტრზე, უკვე დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნაკვეთებზე. 62 ნაკვეთი უკვე გვაქვს დაზუსტებული და მზად არის რეგისტრაციისათვის დიცის საკრებულოში. ეს იყო ჩვენი საპილოტე მონაკვეთი,  ერთ-ერთი სოფლის უბანი. უკვე გაფართოებული პროექტის ფარგლებში მომავლ წელს მთლიან საოკუპაციო ზოლზე საკუთრების დამდგენ სამუშაოებსა და რეგისტრაციებს ჩავატარებთ და  დავასრულებთ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისათვის დროებითი სამთავრობო კომისია 2013 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობს. მისი ამოცანა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა პრობლემების გადაჭრა და მათთვის  ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაა. კომისიის მუშაობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვადასხვა უწყების − 20-მდე დაწესებულებისა და ორგანიზაციის − წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

კომისიის მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელობს.