იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე მუშაობას აგრძელებს

თარიღი: 10 იანვარი 2014
„შერატონ მეტეხი პალასში“ სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში ცვლილებების პროექტის განხილვა გაიმართა. საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე
 ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა. 
 
მინისტრის  პირველი მოადგილის განმარტებით,  სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის ცვლილებების კანონპროექტი  ჯარიმის კონცეპტუალურ ცვლილებას ითვალისწინებს. შემუშავებულია დღიური ანაზღაურების სისტემა; განსაზღვრულია მაქსიმალური ზღვარი დანაშაულის კატეგორიებისა და მიღებული/მისაღები შემოსავლის მიხედვით; გათვალისწინებულია ჯარიმის განწილვადების შესაძლებლობა; გაუქმებულია ჯარიმის დამატებითი სასჯელის სახით გამოყენების შესაძლებლობა, როცა ის არ არის გათვალისწინებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით; ასევე, გაუქმებულია არასრულწლოვანისთვის დაკისრებული ჯარიმის მშობლისთვის დაკისრების შესაძლებლობა.
 
კანონპროექტით მოქმედი რედაქციისგან რადიკალურად განსხვავებულადაა დარეგულირებული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტი. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა შესაძლებელია არა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, არამედ მოსამართლის ინიციატივითაც; მცირდება გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზომა.
კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილი იქნება, დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საკანონმდებლო მინიმუმის ნახევრამდე) შემამსუბუქებელი გარემოებების ერთობლიობისას.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება ნებისმიერი მსჯავრდებულის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემცირებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის, სასამართლო რეფორმის, პროკურატურის რეფორმის, პრობაციის რეფორმისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფების წევრები. დისკუასიაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
 
ცვლილებათა პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ შემდგომი ლიბერალიზაციისაკენ. მისი მიზანია ქართული კანონმდებლობის დაახლოება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა  ევროკავშირის  პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − ფარგლებში ხორციელდება.