იუსტიციის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

თარიღი: 13 იანვარი 2014
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ლიტვის ელჩი ელიტა გაველი, საბერძნეთის ელჩი ელევტერიოს პროიოსი, ჩინეთის ელჩი  ბინ იუე და ატაშე სიაოიუ იინი. 
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. მინისტრმა სტუმრებს სამინისტროში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. საუბრისას აღინიშნა ის ფაქტიც, რომ საბერძნეთი უკვე ოფიციალურად შეუდგა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას, რომელიც ნახევარ წელს გასტანს.
 
„ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და ვიღებთ მათგან ყველა იმ რჩევას, რომლებიც აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად. ჩვენ შევხვდით ლატვიისა და საბერძნეთის ელჩებს, რომლებიც გვთავაზობენ დახმარებას, რომ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერება მოხდეს და მისი რეფორმა ჩატარდეს. მე შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში იყო წლების მანძილზე და ამჟამადაც არის ის სასამართლო, რომელიც ყველაზე მეტად დარჩა განზე პოლიტიკური პროცესებისგან და წყნარ პირობებში შეძლო საკუთარი თავის, საკუთარი პრეცედენტებისა და ხარისხიანი გადაწყვეტყილებების განვითარება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერება იქნება უფრო პროდუქტიული პროცესი. შესაბამისად, მათთან უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.   
რაც შეეხება ჩინეთის ელჩთან შეხვედრას, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი  დღევანდელი ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში პირველი იყო. საუბარი კი სამართლებრივ სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს შეეხო.
თეა წულუკიანის თქმით, ჩინეთის, როგორც სწრაფად განვითარებადი ქვეყნის,  გამოცდილება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„თუმცა, მთავარი თანამშრომლობის სფერო ჩინეთის მოქალაქეების საკითხია, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ. მათ ახალი რეგულაციები აინტერესებთ, რაც მიგრაციის ახალ კანონშია ჩადებული. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ის უცხოელები, რომლებიც კანონიერი მიზნებით ჩამოდიან საქართველოში, ისევე მარტივად ესტუმრონ საქართველოს, როგორც აქამდე ახერხებდნენ ამას. ეს ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.