იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდნენ
თარიღი: 14 იანვარი 2014
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს − მაიკლ ასტრუპ იანსენსა და ბორის სილევიჩს − შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ანტიდისკრიმინაციული კანონი, სასამართლო სისტემის რეფორმა და მმართველობის სისტემაში პროკურატურის როლი იყო.
ევროსაბჭოს დელეგატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე, სახალხო დამცველს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეხვედრას გამართავენ სასჯელაღსრულების მინისტრსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან.
დელაგაციის წევრები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ბოლოს − 15 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ.