თეა წულუკიანმა აშშ-ის სენატის მრჩეველთა ჯგუფი და ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიიღო

თარიღი: 21 იანვარი 2014
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატის წარმომადგენელთა დელეგაცია მიიღო. შეხვედრას, რომელიც იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები − ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე, ესწრებოდნენ.
 
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების, ასევე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და „USAID“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმებს შეეხო.
 
იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა სტრატეგიულ პარტნიორებს  თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ წელს ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი რეფორმებია, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიიყვანს.
 
„ჩვენს პარტნიორებს აინტერესებდათ ის რეფორმები, რომლებიც უკვე განახორციელა იუსტიციის სამინისტრომ და რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე წელს ვისახავთ მიზნად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს, დამოუკიდებელი მოსამართლის და, ასევე, ყველა ის უფლება, რომლებიც იცავს თითოეულ მათგანს. სწორედ ეს არის დღეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 
მისივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ ამერიკელი სტუმრებისაგან საქმიანობაში მხარდაჭერის პირობა მიიღო.
 
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოს კვირას ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ 4 კონგრესმენი და ორი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა და სამხედრო კომიტეტის წამყვანი მრჩევლები.
 
სენატორმა ჯეიმს ინჰოფმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრებისკენ და მადლიერები ვართ იმ  წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეაქვს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ. მინდა, გითხრათ, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო პარტნიორი და მოკავშირეა“.
ამერიკული დელეგაციის ვიზიტს წინ უსწრებდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. ამ დახმარების ფარგლებში 2014 წელს საქართველო 62 000 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მთლიანად მიიმართება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების  დაჩქარებისკენ.