რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სერვისები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში

თარიღი: 05 თებერვალი 2014
 
დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სერვისების შესახებ გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში აღდგენითი მართლმსაჯულების ხელშეწყობის, პატიმართა, ყოფილ პატიმართა, პრობაციონერთა, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა ადაპტირებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა  სტეფან სტორკმა.
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საჭიროებათა მიმართულებით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სამედიცინო დეპარტამენტის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის პროექტის ექსპერტმა რანდელ ბაროუზიმ დამსწრეებს სარეაბილიტაციო პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების საერთაშორისო გამოცდილება გააცნო.
მონაწილეებს საკუთარი ხედვები და დაგეგმილი ღონისძიებები წარუდგინეს ევროკავშირის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა. კონკურსი გასულ წელს ევროკავშირის ინიციატივით გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც რვა გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდა. მისი მიზანია, გაზარდოს პროფესიული ტრენინგების, განათლებისა და სხვა სახის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმართა, ყოფილ პატიმართა, პრობაციონერთა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის.
შეხვედრის ბოლოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებსა და პარტნიორ სახელმწიფო უწყებებს შორის დისკუსია გაიმართა. მსჯელობის თემა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია  იყო.