თბილისის იუსტიციის სახლი მოქალაქეთა მიღებას აპრილში განაახლებს

თარიღი: 14 თებერვალი 2014
 14 თებერვალს თბილისის იუსტიციის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ მოინახულეს. თეა წულუკიანი და მიხეილ სარჯველაძე  სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ექსპერტებსა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

იუსტიციის სახლის სახურავის − ე.წ. ფოთლის („პეტლის“) − შიდა ნაწილში შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობს;  ემატება საყრდენი კონსტრუქციები, ეტაპობრივად სუფთავდება თავის დროზე სიჩქარის გამო დატოვებული სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან. ამავე დროს, ხდება სახურავის დაზიანებული ნაწილის შეფუთვა.

„სამუშაოებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მოქალაქეებისთვის რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას თბილისის იუსტიციის სახლის მისაღები დარბაზი და სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანად. მოქალაქეთა დარბაზზე პირდაპირ კიდია ე.წ. ფოთოლი, რომელიც სახურავის ნაწილია, და თუ არ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ მოქალაქეებს არაფერი დაემართებათ მომსახურების სივრცეში, მანამდე, რა თქმა უნდა, ვერ გაიხსნება დარბაზი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა დასძინა, რომ ხელოსნებმა, ინჟინრებმა, კონსულტანტებმა ძალიან კარგად იმუშავეს, და იმედი გამოთქვა, რომ აპრილის პირველ ნახევარში დარბაზი გაიხსნება.

„თუკი აქამდე ვიცოდით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მშენებლობები უხარისხოდ მიმდინარეობდა, ახლა ვიცით, რომ ფიბროცემენტის ძალიან მძიმე ფილები, რითაც შეფუთულია სახურავი, დაუმაგრებიათ ნახაზების საწინააღმდეგოდ, რომლებიც იტალიურ კომპანიას ჰქონდა შესრულებული. ეს იყო სისწრაფე ადამიანების უსაფრთხოების ხარჯზე, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

„ფოთლის“ უშუალოდ დარბაზის თავზე არსებულ ნაწილზე აშკარად შეიმჩნევა მნიშვნელოვანი დაზიანებები. მისი ზედაპირი მთლიანად დაბზარულია. გადახურვის ეს ნაწილი, ასევე, მოითხოვს დეტალურ შესწავლას. კერძოდ, შესწავლა ესაჭიროება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული ბზარები, ვინაიდან ამ შეფასების გარეშე შეუძლებელია უსაფრთხოების თაობაზე ცალსახა დასკვნის გაკეთება. შესწავლისათვის აუცილებელი ხდება დარბაზში სპეციალური ამწეს შეყვანა, რათა შესაძლებელი გახდეს დაზიანებების დათვალიერება და შესწავლა. დეტალურად შესასწავლია „ფოთლის“ შიგთავსი და აღმოჩენილი დეფექტებისა და ნაკლოვანებების გავრცელების მასშტაბები. ამ გზით შესაძლებელია ყველა ინციდენტური თუ სისტემური პრობლემის იდენტიფიცირება და აღწერა (რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც უკვე ამ დროისთვის გამოკვლეულია), რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დეტალური გეგმის მომზადება აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

რემონტის პარალელურად, მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოებიც, რადგან, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სერვისცენტრი მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ექსპერტები დარბაზის უსაფრთხო ფუნქციონირებაში ბოლომდე დარწმუნდებიან.

იუსტიციის სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მინისტრმა ავტოსადგომი დაათვალიერა, სადაც სარემონტო პროცესები უკვე დასრულებულია. თეა წულუკიანმა პარკინგის ქვედა დონეც მოინახულა. აქ ამ ეტაპზე კომუნიკაციების მონტაჟი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

იუსტიციის სამინისტრო საექსპერტო და სამშენებლო ტექნოლოგიების სრული დაცვით მაქსიმალურად მოკლე დროში ცდილობს, აღადგინოს დაზიანებული სახურავის ნაწილი, რათა არცერთ მოქალაქეს არ შეექმნას საფრთხე იუსტიციის სახლის მომსახურების დარბაზში. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“.