იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შესახებ მოკლე ანგარიში წარადგინა

თარიღი: 19 თებერვალი 2014
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“ გაიმართა.   
 
შეხვედრაზე სიტყვით წარდგა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“  უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგები და მოკლე ანგარიში წარუდგინა. თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის  მუშაობის სტრუქტურაზე, გაწეულ სამუშაოსა და დაგეგმილ ცვლილებებზე  ვრცლად ისაუბრა.
 
კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის, კულტურისა და მრავალფეროვნების დეპარტამენტის დირექტორმა კლაუდია ლუჩიანიმ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა სტევენ ჰაიკინმა გახსნეს.
 
კონფერენციის მთავარი მიზანი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარება და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის სათანადო  ნაბიჯების გადადგმაა,  რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.
 
კონფერენციის მთავარი თემები იყო: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები; 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები; 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ექსპერტთა მიერ შეფასება,  გამოწვევები და შესაძლებლობები.  
 
კონფერენცია ევროპის საბჭოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.