გოჩა ლორთქიფანიძე: „საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია დასავლურ სივრცეში სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის წარმატებულ რეფორმას ეფუძნება“

თარიღი: 26 თებერვალი 2014
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობს, რომელიც დღეს, 26 თებერვალს, გაიხსნება.  იგი, როგორც დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, საქართველოში დემოკრატიის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.
 
გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის  ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების პარაფირების შემდეგ ტარდება.
 
„ეს ორი ინსტრუმენტი ერთმანეთს აძლიერებს და ავსებს, რადგან ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს – საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციას. მეორე მხრივ, აშშ და ევროკავშირი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ვაჭრობისა და ინვესტიციების პარტნიორობის შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, რაც, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების გათვალისწინებით, ნიშნავს დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და თავისუფალი ვაჭრობის ტრანსატლანტიკური არეალის შექმნას საქართველოს მონაწილეობით“, − აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.
 
აქცენტი გაკეთდება საარჩევნო დემოკრატიიდან ინსტიტუციური დემოკრატიის ეტაპზე გადასვლის აუცილებლობაზე და ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე; ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს; საუბარი შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასაც, რაც პირველად ხდება საქართველოში.
 
გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ტრანსატლანტიკური არეალი ეფექტურ ინსტიტუტებს, საერთო ნორმებს, პოლიტიკასა და პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს: „სწორედ ესაა სასამართლოსა და მართლმსაჯულების, მოზარდების მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის კოდექსის,   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, სამოქალაქო კოდექსისა და შრომის კოდექსის მეორე ეტაპის რეფორმები, რასაც საქართველოს მთავრობა და, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო ატარებს“. მინისტრის მოადგილე ამერიკულ მხარეს მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გააცნობს.