სიახლეები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, დაზარალებულთა უფლებების, განაჩენის გადავადების, საპროცესო შეთანხმების კუთხით - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გრძელდება

თარიღი: 11 მარტი 2014
11 მარტს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი,  აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელები. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.
სხდომის მონაწილეებმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის რამდენიმე მიამართულება განიხილეს. მათ შორის, ცვლილებების პროექტები სისხლის სამართლისა და  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განახლებული სტრატეგიისა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2013 წლის პროგრესის ანგარიშის პროექტები.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმას, ბრალდებულის უფლებრივი გარანტიების განმტკიცებას, დაზარალებულის უფლებების გაზრდასა და  განაჩენის აღსრულების გადავადების გამართულ ფუნქციონირებას ითვალისწინებს. რეფორმების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კიდევ უფრო ლიბერალური გახდება და შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებების სართაშორისო სტანდარტებთან.  საპროცესო შეთანხმების რეფორმა დააბალანსებს მოსამართლისა და პროკურორის უფლებამოსილებებს და უფრო გამჭვირვალეს გახდის მოლაპარაკების პროცესს. ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული დაზარალებულის უფლებებიც, რომელსაც დღეს მოქმედი კოდექსი სისხლის სამართალწარმოების მხარედ არ მიიჩნევს.
 
არასრულწლოვნთა მართლმსაჯულების რეფორმა კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში თანამედროვე კონცეფციის - „მართლმსაჯულება ბაშვებისათვის“ - შემოტანას გულისხმობს, რომელიც ორიენტირებული იქნება სისხლის, ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების მონაწილე ყველა არასრულწლოვნის ინტერესის დაცვასა და მათი  საჭიროებებზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი სისტემა უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებას, ბავშვთა უფლებების სათანადო დაცვასა და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.