იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

თარიღი: 24 მარტი 2014
 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  დღეს ამ პოსტზე იოსებ ბაღათურია წარადგინა.
 
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იოსებ ბაღათურიას გადასვლა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე შენაძენია იუსტიციის სამინისტროსათვის, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსს კი ის უსათუოდ დააკლდება. თეა წულუკიანის თქმით, საკადრო გადაწყვეტილება მან საკუთარ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად მიიღო, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობას ზედამხედველობს.
 
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავაბაროთ იოსებ ბაღათურიას იუსტიციის სამინისტროსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სააგენტო, და შევთანხმდით, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება მუშაობა საზოგადოებრივი ცენტრების პროექტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სოფლის განვითარებისათვის. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, სრულყოფს სამართლებრივ მექანიზმებს, რათა საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ უფრო მეტი სამართლიანობის განცდა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
წარდგენის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ლევან სამადაშვილს მადლობა გადაუხადა 15-თვიანი თანამშრომლობისათვის, იოსებ ბაღათურიას კი მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
იოსებ ბაღათურია პროფესიით იურისტია. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში. 2008 წლიდან, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, იყო ზუგდიდის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, საგარეჯოს რაიონული სასამართლოების მოსამართლე, 2012 წლის ოქტომბრიდან კი  მოსამართლის საქმიანობას რუსთავის საქალაქო სასამართლოში აგრძელებდა. დღესდღეობით, მან დატოვა მოსამართლის თანამდებობა. მისი განცხადება გადადგომის შესახებ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დააკმაყოფილა.
 
იოსებ ბაღათურიას სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამაგისტრო თემებს  ხელმძღვანელობს. იოსებ ბაღათურიას მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება − „იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის“ საკლასო ჩინი.