იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სტუდენტთათვის კვლევითი პრაქტიკა იწყება

თარიღი: 03 ნოემბერი 2014
სამინისტრო იურიდიული და სოციოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტთათვის კვლევით პრაქტიკას იწყებს. იურიდიული ფაკულტეტის შვიდი და სოციოლოგიის ფაკულტეტის ორი სტუდენტი ღია კონკურსის წესით შეირჩევა. მასში მონაწილეობის მიღება პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეუძლიათ. კვლევითი პრაქტიკის ხანგრძლივობა 4 თვეა. შესარჩევი კონკურსი  12 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ ახალგაზრდა იურისტები და სოციოლოგები სამართლებრივი და სოციოლოგიური საკითხების კვლევას ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განახორციელებენ. იურისტები რეკომენდაციებსა და დასკვნებს მოამზადებენ სისხლის სამართლის, ინფორმაციის თავისუფლებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისათვის; სოციოლოგები კი საერთაშორისო კვლევების შედეგების მეორად ანალიზზე იმუშავებენ და სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისო სტანდარტებს შეისწავლიან. სტუდენტები ხელმძღვანელებთან ერთად შეარჩევენ მათთვის საინტერესო თემებს, გააანალიზებენ აქტუალურ საკითხებს და მონაწილეობას მიიღებენ თემატურ სამუშაო შეხვედრებსა თუ კონფერენციებში; იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები კი დაეხმარებიან მათ პრაქტიკულ საქმიანობაში და შესრულებულ სამუშაოს ეტაპობრივად შეაფასებენ.

უნივერსიტეტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წარმატებული პრაქტიკისათვის სტუდენტებს კრედიტები მიენიჭებათ.

ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლევითი პრაქტიკა სტუდენტებმა  2013 და 2014 წლებშიც გაიარეს. იუსტიციის სამინისტროსა და სასწავლო დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობის მიზანი სტუდენტური ინიციატივის წახალისებაა. ახალგაზრდები კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ, იუსტიციის სამინისტროს კი საშუალებას აძლევს, რეფორმების პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ახალგაზრდების აზრი, მომავალი იურისტებისა და სოციოლოგების შეხედულებები და დასკვნები.