ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2013-2014 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული ფუნდამენტური რეფორმები ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა

თარიღი: 14 ნოემბერი 2014
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა 2013-2014 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული ფუნდამენტური რეფორმები ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებით და ერთდროულად ხუთი საქმე საქართველოს წინააღმდეგ აღსრულებულად გამოაცხადა.

2014 წლის 12 ნოემბრის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შემაჯამებელი რეზოლუციით (CM/ResDH(2014)209) აღსრულებულად გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხუთი გადაწყვეტილება: „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“, „ირაკლი მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“  და „ილდანი საქართველოს წინააღმდეგ“ . აღნიშნული რეზოლუცია გამოქვეყნდა 2014 წლის 12 ნოემბერს.

რეზოლუცია ხელმისაწვდომია მინისტრთა კომიტეტის ვებგვერდზე: https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?Ref=DEL1211&Language=lanEnglish&Site=CM&BackColorInternet=DBDCF2&BackColorIntranet=FDC864&BackColorLogged=FDC864
მითითებულ საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგა საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა, რაც შეეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში 2006-2012 წლებში ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მკურნალობაში გამოვლენილ სტრუქტურულ ნაკლოვანებებს.

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 იანვარსა და 4 აგვისტოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით გატარებული მნიშვნელოვანი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების თაობაზე და დეტალურად აღწერა 2013-2014 წწ. სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული ფუნდამენტური რეფორმები ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებით. ამასთან, მინისტრთა კომიტეტს მთავრობამ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებათა ეფექტური  კონტროლისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურისა და პერსონალის შესახებ.

მიწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად მინისტრთა კომიტეტმა მიიღო შემაჯამებელი რეზოლუცია, რითაც დადასტურდა აღნიშნულ დაავადებათა კონტროლზე სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი და გატარებული რეფორმების  ეფექტიანობა.