გერმანიაში იუსტიციის მინისტრის ვიზიტი დაიწყო

თარიღი: 03 დეკემბერი 2014
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში გამართა.
 
შეხვედრა კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში დაგეგმვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროს დარიკ შათშნაიდერთან გაიმართა. საუბრის თემა შეეხო სამართლებრივი კონსულტაციების საკითხებს, რეგიონულ თანამშრომლობას, კარგ მმართველობას.
 
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, წლებია, უკვე გერმანია სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობისა და ფედერალური განვითარების სამინისტროს მეშვეობით საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ეხმარება. მინისტრმა ამისთვის საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა გერმანული სამინისტროს წარმომადგენლებს.  
 
თეა წულუკიანმა რამდენიმე საკითხი გამოყო, სადაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერმანულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება აქვს; მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში სასამართლოს და სამართლებრივი რეფორმის მხარდაჭერის პროექტი.
 
„ეს პროექტი, გარდა იმისა, რომ არის ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეხმარება ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას, რომ საქართველომ სწორი მიმართულებით იაროს“, − აღნიშნა მინისტრმა.
 
მისივე თქმით, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რასაც მხარი დაუჭირა გერმანიის ხელისუფლებამ.
 
„წინ გვაქვს გრძელვადიანი სამუშაო ევროკავშირის სამართლის ნორმებთან დასაახლოებლად. ამის გამო სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტროში ევროპის სამართლის დეპარტამენტი შევქმენით. ის იურისტები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ ფართო კონკურსის შედეგად, არიან კარგი იურისტები, თუმცა, მათ მოუწევთ აპროქსიმაციასა და ჰარმონიზაციაზე მუშაობა, რისი გამოცდილებაც არ აქვთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, უპირველესად კი, გერმანია, დაგვეხმარება მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში“, − განაცხადა მინისტრმა.
 
მისივე თქმით, კარგი მმართველობის კუთხით, საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატება. საქართველო 2011 წლიდან ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის წევრია. „იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები სწრაფად მიდის და კარგი მმართველობის მაღალ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ჩვენ 2014 წელს „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აგვირჩიეს. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ვართ მე-11 ადგილზე 200-მდე ქვეყანას შორის, სადაც, შესაძლებლობა იმისა, რომ კორუფცია აღორძინდეს, არ არსებობს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მთავრობა არის ღია და გამჭვირვალე, რასაც ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მედიასთან თანამშრომლობით.  სწორედ ჩემი ინიციატივით შეიქმნა იუსტიციის სამინისტროში პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მანამდე ამ სამინისტროს არც სურვილი და არც ასეთი სტანდარტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში არ ჰქონია“, − განაცხადა მინისტრმა.
 
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო ქმნის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რისთვისაც აუცილებელია, სასწრაფოდ მომზადდეს ის კადრები, რომლებმაც არასრულწლოვნებთან უნდა იმუშაონ, რაშიც გერმანიის დახმარება უმნიშვნელოვანესი იქნება.
 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროს იმ პროექტებისათვის, რომელთაც „GIZ“ და „IRZ“ ახორციელებს.
  
გერმანიის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა, სადაც სამართლისა და სამართლის პოლიტიკის სფეროში აქტიური და უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა აქვთ. დარიკ შათშნაიდერის განცხადებით, ევროპის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლები კვალიფიკაციის ამაღლებაში კონკრეტულ დახმარებას გაუწევენ იუსტიციის სამინისტროს, ისევე, როგორც სხვა რეფორმების მომზადებასა და განხორციელებაში. სწორედ ამისთვის „ GIZ“ და „IRZ“ ახალ პროგრამებს იწყებენ საქართველოში, რაც მოქნილი ინსტრუმენტი იქნება იმისათვის, რომ  გერმანია სწორედ იმ სფეროში დაეხმაროს საქართველოს, სადაც მას ეს დახმარება სჭირდება.
 
იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს დელეგაციის საინფორმაციო ვიზიტი გერმანიაში „GIZ“-ის პროგრამის − „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ − და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ბერლინში შეხვედრებს მართავენ მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება.