საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის დეკლარაცია გაფორმდა

თარიღი: 04 დეკემბერი 2014
ბერლინში ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას, რაც ამ ორი ქვეყნის უწყებებს შორის პირველი ასეთი ტიპის დოკუმენტია.
 
დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა ჰაიკო მაასიმ. ქართველი მინისტრი გერმანელ კოლეგას დღეს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ესტუმრა, რომლის შემადგენლობაში მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე არიან.
 
თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის რეფორმების განხორციელების გზაზე დახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
 
გერმანიის იუსტიციის  მინისტრის განცხადებით, ფედერალური სამინისტრო მზადაა, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს, რომელიც წარმატებით ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებს.
 
„ის ფაქტი, რომ სამართლებრივ რეფორმებს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, რომელიც 10 წელი სტრასბურგის სასამართლოში მაღალი რანგის იურისტი იყო, ევროკავშირის ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანესი მესიჯია. ჩვენ დახმარებას გაგიწევთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საკითხის მომზადებაში, რაშიც ხელშეწყობა გჭირდებათ. გარდა ამისა, საქართველოს დავეხმარებით ყველა იმ რეფორმის განხორციელების გზაზე, რომელსაც თქვენ უდგახართ სათავეში“, − განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასიმ. 
 
თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას თანამშრომლობისათვის და მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში უკვე განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმების, მათ შორის, სასამართლოს, სისხლის სამართლის, პროკურატურის და სხვათა შესახებ.
 
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გერმანიის იუსტიციის სამინისტრო დაეხმარება საქართველოს არასრულწლოვანთა მოსამართლეების მომზადებაში, ასევე, სხვა იურისტებს, ვისაც კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ არასრულწლოვნებთან მუშაობა მოუწევთ.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გერმანელი კოლეგა მომავალ წელს საპასუხო ვიზიტით თბილისში მოიწვია.
 
მინისტრების შეხვედრის შემდეგ გერმანიის იუსტიციის სამინისტროში თემატური სამუშაო შეხვედრები გამართეს ალექსანდრე ბარამიძემ და ალექსანდრე ტაბატაძემ.
 
იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს დელეგაციის საინფორმაციო ვიზიტი გერმანიაში „GIZ“-ის პროგრამის − „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ − და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება.