იუსტიციის მინისტრმა ხანდაზმულებს ახალი წელი მიულოცა

თარიღი: 31 დეკემბერი 2014
იუსტიციის მინისტრმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. მინისტრთან ერთად თემქის მოხუცთა თავშესაფარს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ორი თაობის“ ფარგლებში განხორციელდა და მას პროექტის ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.  ახალგაზრდებმა თემქის ხანდაზმულთა სახლის 84 მცხოვრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს, რომელთა შეძენაც ბაზისბანკის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

იუსტიციის მინისტრის მილოცვის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა მიმართა და პროექტ „ორი თაობის“ შესახებ ესაუბრა.

„ორი თაობის“ მიზანი პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა.  სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს   სტუმრობენ და  მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ  ეზოების კეთილმოწყობაში.

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „ორი თაობის“ ფარგლებში არაერთი წარმატებული პროგრამა განახორციელა, 2015 წლიდან კი პროექტი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.