იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირი-აღმოსავლეთპარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებს ქართული რეფორმები გააცნო

თარიღი: 29 იანვარი 2015
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შს მინისტრთა მინისტერიალის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დღეს რიგაში გაიმართა.

რიგის მინისტერიალის შეხვედრის თემები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ლუქსემბურგში გამართულ იუსტიციისა და შს მინისტრების პირველ ანალოგიურ შეკრებაზე გადაწყდა, მათ შორის, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების საკითხები.

ევროკავშირისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და მიღწევები გაუზიარეს, იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნებს სამართლის სფეროში აქვთ და სამომავალო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. განსაკუთრებული ყურადღება კი ამ მიმართულებით აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს დაეთმო.

აღნიშნულ თემებზე მინისტერიალის ფარგლებში საქართველომაც წარადგინა ანგარიში. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სასამართლო სისტემაში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმის ეტაპების, ასოცირებისა და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების, საქართველოს მთავრობის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მინისტრმა კოლეგებს მოახსენა იმის შესახებ, რომ საქართველოში ცვლილებების შედეგად განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მართლმსაჯულების სისტემის რამდენიმე სხვა ინსტიტუტის დეპოლიტიზაცია და შიდა პროცესების დემოკრატიზაცია − პირველად ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა დემოკრატიული წესების დაცვით; საბჭოში წევრობა შეუწყდათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს; დაიხვეწა დისციპლინური დევნის პროცედურები; სასამართლო დარბაზებში დაბრუნდა სატელევიზიო კამერები, რის შედეგადაც სასამართლო პროცესები ფართო საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოექცა; შემოტანილ იქნა მოსამართლის შეფასების ინსტიტუტი. მოსამართლეები სამუდამოდ დანიშვნამდე სამწლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან და სამუდამოდ დაინიშნებიან მხოლოდ ის მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ მაღალი პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რათა მოქალაქის ბედი სამართლიანად გადაწყვიტონ და ხელი შეუწყონ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტის განმტკიცებას საქართველოში; ამასთან, რეფორმის ამჟამად მიმდინარე ეტაპზე განმტკიცდება მოსამართლის შიდა დამოუკიდებლობა; მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები გაძლიერდება; მოსამართლეები თავად აირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეებს; საქმეების გადანაწილება შესაძლებელი იქნება შემთხვევითობის წესით; დაცული იქნება მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი და აიკრძალება მისი თანხმობის გარეშე მისთვის პოზიციის შეცვლა ან თვითნებურად მივლინებაში გაგზავნა; სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება და სხვ.

მინისტრმა არასრულწლოვნთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებაც მოახსენა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ სულ მალე საქართველო ამ ინოვაციური კოდექსის პროექტს საქმედ აქცევს.

თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა „OGP“-ის სამიტზე გასულ ზაფხულს მიღწეულ წარმატებაზე, რომელიც საერთაშორისო ინიციატივის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს არჩევით დასრულდა სწორედ კორუფციასთან ბრძოლის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამო. მინისტრის განცხადებით, მართალია, საქართველო კორუფციული რისკების რეიტინგში მე-11 ადგილზეა და ბევრ ევროპულ ქვეყანასაც უსწრებს, თუმცა, ორი წელია, ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად.

მინისტრმა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ განხორციელებული რეფორმის შესახებაც აღნიშნა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ფიგურა − იუსტიციის მინისტრი, 2013 წლის გაზაფხულიდან აღარ არის გენერალური პროკურორი;  თუმცა, რეფორმა პრემიერის დავალებით გრძელდება და ამ რეფორმაში ევროსაბჭომ საქართველოს ამ სამიტზეც აღუთქვა თანადგომა.  

გამოსვლის დასასრულ, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მინისტერიალის ორგანიზატორებს და განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ ამ მაგიდასთან მსხდომი თითოეული ქვეყანა რიგის მაისის სამიტზე მაღალ შეფასებას მისცემს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის და ეს შესაბამის გადაწყვეტილებაშიც აისახება“.

აღსანიშნავია, რომ სამიტზე ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ფილიპ ბუალატმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატება სავიზო ლიბერალიზაციისა და იურიდიული რეფორმების გზაზე, ხოლო ავსტრიის იუსტიციის მინისტრ ვოლფგანგ ბრანდშტეტერის განცხადებით, იგი ცოტა ხნის წინ იყო საქართველოში და მაღალ შეფასებას აძლევს სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა კი თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან გაფორმებულ მემორანდუმს და ორ ქვეყანას შორის სამართლის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობაზე ისაუბრა.  

ევროკავშირისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შს მინისტრების თანამშრომლობის მიზანი სამართლის სფეროში ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ერთმანეთისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების ერთობლივად გამკლავებაა.

საქართველოს დელეგაციაში არიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. იუსტიციის სამინისტროს ქართულ დელეგაციაში, ასევე, მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს.

მინისტერიალი ევროკავშირის იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომისრების ინიციატივით გასულ წელს პირველად ლუქსემბურგში გაიმართა.