იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლიტვის სეიმის წევრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნეს

თარიღი: 03 თებერვალი 2015
მინისტრის მოადგილეები ლიტვის სეიმის დელეგაციას შეხვდნენ. ალექსანდრე ბარამიძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ ლიტვის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერ ანდრიუს კუბილიუსს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აუდრიონიუს აჟუბალისსა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საერთაშორისო მდივან გინტარე ნარკევიჩიუტეს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნეს. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში ლიტვის დელეგაციის ინიციატივით გაიმართა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები დელეგაციის წევრებს სასამართლო რეფორმასა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განიხილეს ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესების მიმდინარეობა. 

ლიტვის სეიმის წევრები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დაგეგმილია ვიზიტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ლიტვის სეიმის დელეგაცია საქართველოს  4 თებერვალს დატოვებს.