საქართველო 2 წელია, კორუფციასთან ბრძოლის ახალ, თანამედროვე ეტაპზეა

თარიღი: 04 თებერვალი 2015
4 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

სხდომა ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გახსნა. მან იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში აქვს:

„2 წელია, ჩვენ გადასულები ვართ კორუფციასთან ბრძოლის ახალ, თანამედროვე ეტაპზე. ეს არ არის უბრალოდ კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების გახსნილობის პრიორიტეტი, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული სამინისტროს, სსიპ-ის, სახელმწიფო სტრუქტურის და ახლა უკვე კერძო სტრუქტურის შესაბამისი წარმომადგენლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა საზოგადოების წინაშე“.

მინისტრის თქმით, ერთადერთი სფერო, სადაც მას, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს, კითხვები აქვს, მართლმსაჯულების სისტემაა, რადგან ეს სისტემა დახურულად რჩება.

„როგორც კი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი შეიცვლება, ჩვენ დაგვჭირდება, მკაცრად ჩავიხედოთ ამ სფეროში, ხომ არ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, რომ იქ კორუფციის დანაშაული აღორძინდეს. იმედი მაქვს, რომ − არა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სხდომაზე ანტიკორუფციულმა საბჭომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია დაამტკიცა.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 13 სტრატეგიული პრიორიტეტის საფუძველზე, ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, წარიმართა განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), გაერო-ს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მომზადებული კვლევები.

ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა, ასევე, მოისმინეს ანტიკორუფციული საბჭოს 2014 წლის საქმიანობის და ღია მმართველობა − საქართველოს ფორუმის 2014 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში. ამასთან, ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლისგან დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ.

ანტიკორუფციული საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს ახალ წევრებად აირჩიეს  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, სსიპ „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარე.