პროკურატურის რეფორმის საკითხზე იუსტიციის მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა

თარიღი: 07 თებერვალი 2015
დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოწვევით, სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები შეიკრიბნენ. სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმის საკითხზე მსჯელობა იყო.
 
უწყებათაშორისი საბჭოს პირველ გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართა, საბჭოს სამდივნოს შედარებითი კვლევის მომზადება დაევალა, რომელშიც დეტალურად არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია პროკურატურის ინსტიტუციური მოდელი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. სწორედ ამ კვლევის შედეგს გაეცნენ დღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა ზოგადი ჩარჩო და მეთოდი, რომლის მიხედვითაც ამ თემაზე მუშაობა მომავალში საბჭოს ეგიდით უნდა გაგრძელდეს.
 
საბჭოს გაფართოებული სხდომის ჩატარება თებერვლის ბოლოს იგეგმება. მოცემულ პერიოდში კი საბჭოს ყველა წევრი, წინასწარ განსაზღვრული კითხვების მიხედვით, რეფორმისათვის ყველაზე სასიცოცხლო, რამდენიმე საკითხზე საკუთარ დასაბუთებულ აზრს წარადგენს. საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე კანონპროექტის ერთი ან მეტი ვერსიის შედგენის მიზნით სამუშაო ჯგუფები უნდა დამტკიცდეს.
 
რეფორმირების პროცესის საბოლოო მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ ახლებურად იქნეს გააზრებული არაერთი საკითხი, მათ შორის, მთავარი პროკურორის შერჩევის, წარდგენისა და დანიშვნის წესი, მთავარი პროკურორისა და პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხი, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის წესი, პროკურორთა დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხი, და სხვ.
 
პროკურატურის რეფორმირებისა და ამ პროცესის სისხლის სამართლის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმართვის დავალება თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისაგან მიიღო. საკოორდინაციო საბჭო ევროკავშირის შეთავაზებით რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. საბჭოს ამოცანაა, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში უწყებათაშორის საქმიანობას. საბჭოს ეგიდით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, არაერთი მნიშნველოვანი სამართლებრივი რეფორმა განხორციელდა.