იუსტიციის მინისტრი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

თარიღი: 11 თებერვალი 2015
11 თებერვალს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ჯგუფის წევრებმა იუსტიციის მინისტრს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდისათვის დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხარს უჭერს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებში კვოტირების სისტემის შემოღებას, რადგან საქართველოში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, ეს საკითხი, პრაქტიკის თვალსაზრისით, არასოდეს ყოფილა დარეგულირებული. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ კვოტირება ხელს შეუწყობს ქალებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის  პოლიტიკურ ცხოვრებაში.„ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი წევრები კვოტირების სისტემის შემოღების საკითხებზე კონსულტაციებს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავენ.ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია იუსტიციის მინისტრმა ყოველწლიურ კონფერენციაზე − „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ − გამოხატა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე თეა წულუკიანმა განაცხადა: „ძალიან კარგად მესმის, რომ წლების მანძილზე ვარ უმცირესობაში, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე ვემხრობი, ინსტიტუციური კულტურა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ კანონით დადგინდეს კვოტები ქალებისთვის პარლამენტსა და პარტიებში... ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ქალია, რომელთაც სურთ ამგვარი აქტიურობა და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ამისთვის, რომ გამოვიდნენ იმ გარემოდან, სადაც დღეს არიან და ჩაერთონ პოლიტიკაში“.