იუსტიციის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

თარიღი: 12 თებერვალი 2015
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ესტუტის იანკაუსკასი და   მისიის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში იოან აქსანდერი მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის  იყო − ე. იანკაუსკასი მისიის ხელმძღვანელად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა.

თეა წულუკიანმა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს ამ რეგიონებში მცხოვრებთა უსაფრთხოების საკითხები, პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას  და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ამასთან, შესაბამის მიდამოებში მუდმივად ადგილზე ყოფნით მისია, ზოგადად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.