იუსტიციის მინისტრი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

თარიღი: 20 თებერვალი 2015
იუსტიციის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა.  თეა წულუკიანმა ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და რეგიონული სამსახურების თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს, საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა. თეა წულუკიანი ქართული ენის მასწავლებელსაც შეხვდა, რომელიც 20 წელია, ფოკელ ბავშვებს ასწავლის.
 
„ფოკაში, საზოგადოებრივ ცენტრში, მოვაწყვეთ შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან, სკოლის მოსწავლეებთან. ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც ქართული ენის შესწავლა პირველი კლასიდან დაიწყეს, კარგად სწავლობენ და გული სწყდებათ იმაზე, რომ თბილისელ და სხვა რეგიონის თანატოლებთან ვერ ახერხებენ ურთიერთობას ადვილად თოვლის, რელიეფის თუ სხვა გარემოებების გამო. იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაეხმარება ბავშვებს, რათა მათ იმოგზაურონ, უკეთ გაიცნონ საქართველო, გაიარონ ქართული ენის ინტენსიური კურსები“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. 
 
ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის  დისტანციური სწავლების კურსი 2014 წლის 20 მაისიდან დაიწყო. მის ფარგლებში 15-მდე ადგილობრივი მკვიდრი კვირაში ორ დღეს დისტანციურად ეუფლებოდა ქართულ ენას.
იუსტიციის მინისტრი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრს სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. თეა წულუკიანი ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ფოკასა და წალკის მოსახლეობას შეხვდა.