იუსტიციის სამინისტროს განცხადება

თარიღი: 20 თებერვალი 2015
იუსტიციის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის დეპუტატებთან ერთად აქტიურად მუშაობს სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად, რის შედეგადაც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რეგისტრირებული სომხეთის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აღნიშნული პრობლემა უკვე მოუგვარდა.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგებს ცხადყოფს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკა. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რეგისტრირებული სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებმაც ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართეს, ბინადრობის უფლება მიენიჭათ.
 
ახალქალაქიდან შემოსული 919 წერილობითი თხოვნიდან სომხეთის 584 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა, 326 საქმეზე განხილვა ამჟამად მიმდინარეობს, მხოლოდ 2 პირს ეთქვა უარი, ხოლო 7 საქმე დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო განუხილველად დარჩა. ნინოწმინდაში რეგისტრირებული 553 განმცხადებლიდან 421 პირს ბინადრობის ნებართვა უკვე მიენიჭა, 127 საქმის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს, 3-ს უარი ეთქვა, ხოლო 2 საქმე დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო განუხილველად დარჩა. 
 
რაც შეეხება მოქალაქეობას, ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან მოქალაქეობაზე მოთხოვნით 2014 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სომხეთის 72 მოქალაქემ მიმართა (ახალქალაქი − 22, ნინოწმინდა − 50). ამ დროისთვის ახალქალაქში  რეგისტრირებულ სომხეთის 8 მოქალაქეს უკვე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, 8 საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, 5-ს უარი ეთქვა, ხოლო ერთი განაცხადი განუხილველად დარჩა დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო. ამავე პერიოდში ნინოწმინდაში რეგისტრირებულ  სომხეთის 48 მოქალაქის საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, ხოლო ორ მათგანს უარი ეთქვა.
 
პრობლემის მოგვარების მიზნით 2014 წლის დეკემბრიდან იუსტიციის მინისტრი სამუშაო შეხვედრებს მართავდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას წარმოადგენენ. გაიმართა შეხვედრები დეპუტატ რუსლან პოღოსიანთან, ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ სამველ პეტროსიანთან.
 
გუშინ, 19 თებერვალს, თეა წულუკიანი ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებსა და გუბერნატორთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მინისტრმა ეთნიკურად სომეხ რუსეთის მოქალაქეებს პირადად გადასცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და განაცხადა, რომ „ინდივიდუალური პრობლემები ჩვენს მოქალაქეებს, იმ პირებს, ვისთვისაც სამცხე-ჯავახეთი არის სახლი და სამშობლო, ეტაპობრივად მოუგვარდებათ და მუშაობა სომეხ დეპუტატებთან გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული პრობლემა არ გადაიჭრება“.
 
იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს დადებითად აფასებენ ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატებიც. ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის − სამველ პეტროსიანის, თქმით, იანვრის შემდეგ ბინადრობის მოწმობები მასობრივად გაიცემა: „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გამოსავალი ნაპოვნია. პირველი იანვრის შემდეგ მასობრივად გაიცემა ბინადრობის მოწმობები“.
 
იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს ამ მეტისმეტად ფაქიზ საკითხზე უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან, მით უმეტეს, იმ შემთხვევებში, როდესაც მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და ამ საქმიანობის შედეგების შესახებ.