იუსტიციის მინისტრი დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

თარიღი: 23 თებერვალი 2015
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა. შეხვედრა ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელსაც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე მასპინძლობდა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მინისტრმა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. თეა წულუკიანმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაწვრილებით აუხსნა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა და აღნიშნა, რომ სხვებს შორის ამ ცვლილებების შედეგად 29 ოქტომბერს წარმატებით დაიხურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა და დაიწყო მეორე – იმპლემენტაციის ფაზა. საუბარი შეეხო, ასევე, იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა რეფორმებს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსალოდნელ არჩევნებს, საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და მიწოდების გააქტიურების აუცილებლობას და  და სხვ.
შეხვედრა თითქმის  ორ საათს გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები აუცილებელი და საჭიროა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე ქართული დიასპორისთვის. „მეც დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ვიცი, რომ გარედან ხშირად ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. ამიტომ ძალიან კარგი და საჭიროა, როცა ინფორმაციას პირველი წყაროდან იღებ. ჩვენი თანამემამულეები საქართველოს შვილები არიან, ისინი გულშემატკივრობენ თავიანთ სამშობლოს და აუცილებელია, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და სამომავლო გეგმების შესახებ“,  − აღნიშნა თეა წულუკიანმა.