თამარ ხაჭაპურიძე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს

თარიღი: 25 თებერვალი 2015
2015 წლის 24 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა თამარ ხაჭაპურიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც  შეეხებოდა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობების გაცემის ფაქტებს.
 
თამარ ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მას დაბადების მოწმობების გაყალბებაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ კონკრეტული ფაქტები არ გააჩნია და ვერც დასახელებულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინა.
 
ამავე დროს, თამარ ხაჭაპურიძემ უარი განაცხადა გასაუბრების ოქმზე ხელმოწერაზე,  მოუცლელობის მიზეზით არ დაელოდა გამოკითხვის ოქმის დასრულებას და დატოვა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ან მისი რომელიმე სსიპ-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ და შესაბამისი მსვლელობა მისცეს მითითებულ ფაქტებს, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში.