საქართველოსა და ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრები საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში თანამშრომლობას აგრძელებენ

თარიღი: 25 თებერვალი 2015
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრისას ბრიტანელი სპეციალისტების მიერ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ქართველი მოსამართლეების ტრენირებისა და ახლად დანიშნულ მოსამართლეთა შეფასების სისტემის დანერგვის პროცესში დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
თეა წულუკიანი ბრიტანეთის იუსტიციისა და სამოქალაქო თავისუფლების სახელმწიფო მდივან საიმონ ჰიუსს შეხვდა და საქართველოში განხორციელებული  სამართლებრივი რეფორმების შესახებ ესაუბრა.
მინისტრმა ბრიტანელ კოლეგასთან ახლად შემუშავებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი განიხილა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გაზაფხულზე კოდექსი მიღებული იქნება და საჭიროა მოსამართლეთა, პროკურორთა, ასევე, სხვა სამართალდამცველთა მომზადება, რათა კოდექსის ეფექტიანი იმპლემენტაცია დროულად დაიწყოს. საიმონ ჰიუსმა ქართველ კოლეგას ამ მიმართულებით სპეციალური ტრენინგმოდულის შემუშავებისა და ბრიტანელი გამოცდილი სპეციალისტების წარმოგზავნის პირობა მისცა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღნიშნული ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე განხორციელდება.
თეა წულუკიანმა, ასევე, დაწვრილებით ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ.
„მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჩემი შარშანდელი ვიზიტის შედეგად ბრიტანეთი დაგვპირდა და საქართველოში წარმოგზავნა მოსამართლეები, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ ახლად დანიშნულ მოსამართლეთა შეფასების სისტემის შემოღებაში. თქვენი გამოცდილება ამ მხრივ უნიკალურია, რადგან ყველა ბრიტანელი მოსამართლე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გადის შეფასებას და ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სისტემაც სწორედ აქ არის. ამჯერად ეს კანონი, რომელიც სხვებს შორის თქვენი დახმარებით შევიმუშავეთ, უკვე ძალაშია“, − განაცხადა მინიტრმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოიყენა გერმანული მოდელი, სადაც, ასევე, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა არსებობს (5-წლიანი) და დიდი ბრიტანეთის შეფასების მოდელი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება, რათა შექმნილიყო სისტემა, რომელიც საქართველოში კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას უზუნველყოფს.
კოლეგები შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი ამ კანონის იმპლემენტაციის ეტაპზეც გაუწევს საქართველოს თანადგომას და მოსამართლეთა შეფასების პროცესში დახმარებას აღმოუჩენს იუსტიციის საბჭოს შესაბამის სტრუქტურას.
გარდა ამისა, საიმონ ჰიუსის შეთავაზებით, დიდი ბრიტანეთი ქართველ საჯარო მოხელეებს, კერძოდ კი, იურისტებს, ჯონ სმიტის ინსტიტუტში სპეციალურ სატრენინგო კურსს შესთავაზებს.