სოფელ ხიდისთავში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 27 თებერვალი 2015
27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქართველ მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილ ქეთევან დუმბაძესა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად, სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც ბიბლიოთეკასთანაა ინტეგრირებული. ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.

სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში ინერგება სრულიად ახლებური და თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა, ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. ასევე, შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს მობილური ოპერატორისა და ბანკის მომსახურებაც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.

როგორც ცნობილია, ნოდარ დუმბაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში მოეწყობა მწერლის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი რომანები და ფოტოები, რომლებიც დაცულია ეროვნული არქივის ფოტოარქივში. ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა თხოვნით მიმართავს რაიონის საკრებულოს, რათა მას ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭოს.
ამავე ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი წიგნი – დოკუმენტურ პროზად დაწერილი „გურული დღიურები“, წარუდგინა.
პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია „IREX“-ის მიერ „Beyond Access“-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.