საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო რეესტრების მკაფიო საკანონმდებლო რეგულაციებს მხარი დაუჭირა

თარიღი: 15 იანვარი 2016
იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომას კანონპროექტები წარუდგინა, რომლებიც სახელმწიფო რეესტრების მკაფიო საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო რეესტრების მწარმოებელი უწყებების შესახებ კანონებში, კერძოდ,  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების; ნორმატიული აქტების; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის შესახებ კანონებში შევა. კანონმდებლობაში მოცემული იქნება ქვეყანაში არსებული სახელმწიფო რეესტრების სრული ნუსხა, მათი ფუნქციონირების მექანიზმები კი ნათლად და მკაფიოდ განისაზღვრება.
 
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო რეესტრების მუშაობა „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება, რომელიც 2004 წელსაა მიღებული. მისი ნორმების ერთი ნაწილი სხვადასხვა დროს გაუქმდა, დარჩენილი ნაწილი კი მოძველებულია და არ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რაც სახელმწიფო რეესტრებთან დაკავშირებითაა შექმნილი. კანონში არ არის გაწერილი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − „საჯარო რეესტრის“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ − რეალური ფუნქციები და უფლება-მოვალეობები; კანონის მოქმედ რედაქციაში არ არის მოცემული საქართველოში მოქმედი სახელმწიფო რეესტრების ამომწურავი ჩამონათვალი. ნუსხა არ შეიცავს რეესტრის ისეთ სახეებს, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრი და სხვ. ამით ეს აქტი კარგავს სახელმწიფო რეესტრების გამაერთიანებელი საკანონმდებლო აქტის დატვირთვას და არ გააჩნია რეალური დანიშნულება და მოქმედების მიზანი.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ მოძველებული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება,  სახელმწიფო რეესტრების საკანონმდებლო რეგულაციები კი შესაბამისი უწყებების შესახებ კანონებში შესული ცვლილებებით ნათლად დარეგულირდება.