თეა წულუკიანი: „ამ პროექტის ბენეფიციარი მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო არ არის; მისი ბენეფიციარია საქართველოს ყველა მოქალაქე“

თარიღი: 18 იანვარი 2016
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის პირველ საჯარო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ ევროკავშირის მიერ ფინანსდება.
„ამ პროექტს ჰყავს ძალიან ბევრი ბენეფიციარი. მთავარი  ბენეფიციარი არ არის მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო; ამ პროექტს ჰყავს იმდენივე ბენეფიციარი, რამდენი მოქალაქეც არის ჩვენს ქვეყანაში, რადგან, როდესაც კანონები იწერება, ისინი იწერება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკავშირთან თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ ამ პროექტით კიდევ დამატებით გამოცდილებას გავიზიარებთ იმ ევროპული ქვეყნებისა, სადაც, სანამ თითოეული კანონი პროექტის სახით გაჩნდება, გადის წინასწარ ანალიზს; დაახლოებით, ისეთსავე ანალიზს, როგორიც იუსტიციის სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ  ჩაატარა −  როდესაც კონკრეტულ საქმეებსა და პრობლემებზე დაყრდნობით მოიფიქრა გამოსავალი და შეადგინა რეფორმის პროექტი. სწორედ ასე უნდა დგებოდეს ყველა კანონპროექტი, გამომდინარე პრობლემებიდან, ორიენტირებული პრობლემებზე და შემდეგ, როდესაც პროექტი კანონად იქცევა, ხდებოდეს შეფასება და გაზომვა − რა სარგებელი მოუტანა ამა თუ იმ კანონმა საზოგადოებას. სწორედ ამ ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება ეს პროექტი ევროკავშირთან“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.   
პროგრამის ფარგლებში უცხოელი ექსპერტები მეთოდოლოგიურად დაეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურებს კანონშემოქმედებით საქმიანობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას საერთაშორისო სამართალთან და ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას,  საჯარო კონსულტაციების მექანიზმის გაფართოებას საკანონმდებლო საქმიანობაში.
ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის გათვალისწინებით, პროექტის საქმიანობა, ასევე, მიმართული იქნება საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში მთავრობის წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერებისკენ.
პროექტი დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“  მთარგმნელობით ცენტრს იურიდიული ტექსტების თარგმანის კუთხით ხარისხის დახვეწაში.
პროექტის − „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ −  ბიუჯეტი 1.7 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა  2015 წლის 27 აპრილს დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.