იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თურქეთის დელეგაციას ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო

თარიღი: 09 თებერვალი 2016
2016 წლის 9 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა სამთავრობოთაშორისი შეხვედრა, რომელშიც საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების თემა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, გახსნა. ქართულმა მხარემ სტუმრებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო, რომლის მთავარი მიმართულებები  დანაშაულის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და პროაქტიული გამოძიებაა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვის კომპონენტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, ტრეფიკინგთან ბრძოლის კონტექსტში ქართულ-თურქული თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.