აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს

თარიღი: 04 მარტი 2016
ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ნარკოდანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლის მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია ის ღონისძიებები, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განხორციელდა. კერძოდ, 2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც დასახელებულ საბჭოს ხელმძღვანელობს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად და მნიშვნელოვნად აფასებს აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებას. მემორანდუმი ემსახურება ნარკოვითარების მონიტორინგის გაძლიერებას, რის საფუძველზეც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედდება ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ანგარიში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული არასრულწლოვნებზე პოზიტიური საჯარო მესიჯების მეშვეობით ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გააგრძელოს სამართალდამცავთა მხრიდან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე ეფექტური რეაგირება და მოახდინოს ორიენტირება ქვეყანაში ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე. აშშ, ასევე,  მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ნარკოდანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლაში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2014 წელს ამოღებულ იქნა რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი, ხოლო 2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად − 37 კილოგრამი კოკაინი და 60 კილოგრამი ამფეტამინი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მიღწეული შედეგები სამართალდამცავი ორგანოების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების, კინოლოგიური სამსახურის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების დამსახურებაა.