საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე გახდა

თარიღი: 04 მაისი 2016
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანათავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება 4 მაისს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მმართველი კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული - 22 წევრიდან საქართველოს თანათამჯდომარეობას 18-მა დაუჭირა მხარი. თანათავმჯდომარეობის კანდიდატ ქვეყნებად  საქართველო, ხორვატია და რუმინეთი იყვნენ წარდგენილნი.

„OGP“-ის მმართველ კომიტეტს დღემდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ხელმძღვანელობდა.  ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საფრანგეთი, რომელიც თანათავმჯდომარე ქვეყანა იყო,  კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, თანათავმჯდომარე ქვეყნად კი საქართველო აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ საქართველო „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს. საქართველო მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებასა და აქტივობების განხორციელებაში და ექნება შესაძლებლობა, საერთაშორისო დონეზე წარადგინოს ის ინოვაციები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ახორციელებს.

„OGP“-ის თანათავმჯდომარის სტატუსი საქართველომ ღია მმართველობის კუთხით წარმატების შედეგად მოიპოვა. ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში.