„GRECO“-ს შეფასებით, საქართველომ კორუფციის შემცირებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

თარიღი: 17 იანვარი 2017
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა. შეფასების მეოთხე რაუნდში „GRECO“-მ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში წევრი ქვეყნების ხელისუფლების სამი ორგანო შეაფასა − სასამართლო, პარლამენტი და პროკურატურა.
ანგარიშში ხაზგასმულია:
  • საქართველოში კორუფციის შემცირებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი;
  • ანტიკორუფციული მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები და ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები;
  • პოზიტიურადაა აღნიშნული თანამდებობის პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრების, მოსამართლეებისა და პროკურორების, მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის მექანიზმის მონიტორინგის დანერგვა ქვეყანაში;
  • პოზიტიურადაა შეფასებული პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სისტემის დეპოლიტიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია;
  • „GRECO“ პოზიტიურად აფასებს, ასევე, სასამართლოს ინსტიტუციურ რეფორმას და ქვეყანას მოუწოდებს, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა დროულად განიხილოს და დაამტკიცოს;
  • ანგარიშში მოწოდებაა საქართველოს მთავრობისადმი, განაგრძოს პარლამენტის წევრებში, მოსამართლეებსა და პროკურორებში კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარება და კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს ქვეყანას.
საერთო ჯამში, მეოთხე რაუნდში საქართველომ 16 რეკომენდაცია მიიღო, რომელთაგან სამი მიიღო პარლამენტმა, ექვსი − პროკურატურამ, ექვსი − სასამართლომ, ხოლო ერთი რეკომენდაცია საერთოა სამივე უწყებისთვის.
 
შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში „GRECO“-ს 74-ე პლენარულ სხდომაზე 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე სტრასბურგში მიმდინარე სესიის ფარგლებში განიხილეს. სესიის მუშაობაში ევროსაბჭოს წარმომადგენელი ყველა ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციას ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე უძღვებოდა.