თეა წულუკიანი ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

თარიღი: 20 იანვარი 2017

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას ვენეციის  კომისიის მდივანი თომას მარკერტი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო რეფორმისა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ ესაუბრა.
„მომავალი 6 თვის განმავლობაში  ჩვენი საკონსტიტუციო კომისიის და ვენეციის კომისიის მუშაობის გეგმები ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება იმგვარად, რომ ჩვენ შევძლოთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი შენიშვნების ტექსტში ასახვა“, − განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა.  
ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოს პრეზიდენტსა და არასამთავრობო სექტორთან.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დღესვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელიც, ამავე დროს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. მხარეები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და ვენეციის კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს  საკონსულტაციო ორგანოა კონსტიტუციურ საკითხებში. მისი მიზანი სამართლებრივი სისტემის გაძლიერება,  დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობისას წარმოქმნილი პრობლემების განხილვა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან.
ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი  21 იანვარს სრულდება.