კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა და რეგიონში კვლავ ლიდერია

თარიღი: 26 იანვარი 2017
2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 57 ქულით 44-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ამასთან, 2015 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 4-ით გაუმჯობესდა (2015 წელს საქართველოს 48-ე, 2014 წელს 50-ე ეკავა, ხოლო 2013 წელს 55-ე ადგილი ეკავა).

წლიდან წლამდე, საქართველოს წარმატება იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. კერძოდ, საჯარო სამსახურის რეფორმა; თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა; ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციის ეფექტური მონიტორინგი; პროკურატურის რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2017 წლის 25 იანვარს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ წარმოადგენს სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად საერთაშორისო კვლევას.

„კორუფციის აღქმის ინდექსს“ (CPI) ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  სათაო ოფისი ბერლინში. „გლობალური კორუფციის ინდექსი“ მსოფლიოში მოღვაწე სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით აფასებს როგორია საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა. ქულების სტანდარტიზება ხდება 100-ქულიან შკალაზე. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებად კორუმპირებულად არის აღქმული ქვეყანა.

2016 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მოიცავს 176 ქვეყნის მონაცემს. კვლევის მიხედვით არცერთ ქვეყანას არ აქვს მაქსიმალური ქულა, ხოლო 120-მდე ქვეყნის შეფასების მაჩვენებელი 50 ქულაზე დაბალია, რაც მსოფლიოში კორუფციის მნიშვნელოვან მასშტაბებზე მიანიშნებს.