თეა წულუკიანი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

თარიღი: 30 იანვარი 2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართლის უზენაესობისა და უფლებრივ სფეროში წარმოებულ რეფორმებზე, სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღასა და  საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კონტექსტში საუბარი შეეხო აღნიშნული რეფორმის პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოსაც.

„ბატონ იაგლანდს ვაცნობეთ, რომ პარლამენტი მომავალი კვირიდან შეიკრიბება და იმსჯელებს საკითხზე; თუმცა, რაც შეეხება სამწლიან გამოსაცდელ პერიოდს, ვიდრე ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ეს ნორმა და ვიმსჯელებთ იმაზე, საჭიროა, თუ არა მისი შენარჩუნება კონსტიტუციის რეფორმისას, მანამდე კანონი ვერ შეცვლის კონსტიტუციას და, ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა არა ახლა, არამედ მომავალში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მოგვიწევს.

შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, მთავრობა და ევროსაბჭო, არამედ თითოეული მოსამართლე, ელოდებიან ამ რეფორმის ძალაში შესვლას იმისთვის, რომ მოხდეს, თუნდაც, სასამართლოს თავმჯდომარეების იმ საშინელი ტვირთისგან გათავისუფლება, რასაც გვიან ღამემდე სამსახურში ყოფნა და საქმეების ხელით განაწილება ჰქვია“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებაც ისაუბრეს: „როდესაც საგამოძიებო მექანიზმზე ვმსჯელობთ, მეორე პროკურატურა კი არ უნდა შეიქმნას,  არამედ როგორც  ევროპული ქვეყნების უმრავლესობაშია − მხოლოდ გამოძიების ფუნქციების მქონე დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს მთავარი პროკურატურა. მთლიანობაში ბატონი იაგლანდის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, საინტერესო და ძალიან მეგობრული“.

შეხვედრის დასასრულ, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საჩუქრად გადასცა ქართული ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ მიერ შესრულებული „ევროპის ჰიმნის“ პოლიფონიური ვარიაცია (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია). მინისტრმა სთხოვა ტორბიორნ იაგლანდს, მოისმინოს აღნიშნული კომპოზიცია და განიხილოს შესაძლებლობა მისი ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნების შესახებ ( http://www.coe.int/en/web/about-us/the-european-anthem  ), სადაც  „ევროპის ჰიმნის“ სხვადასხვა ვერსიაა თავმოყრილი.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ორდღიანია და ის 31 იანვარს დასრულდება.