ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო სოციალურ კამპანიას იწყებს

თარიღი: 03 თებერვალი 2017
 
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ  იუსტიციის სამინისტრო იწყებს სოციალურ კამპანიას − „იმოქმედე“.  

კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება; საზოგადოების, ძალადობის არცთუ იშვიათ შემთხვევებზე მშვიდი დამკვირვებლის, ან, სულაც, სანახაობის მოყვარულთა ამოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.
 
კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს; მათთვის იმ სიახლეების განმარტებას, რასაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. სპეციალურ სატრენინგო მოდულს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეიმუშავებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და ყველა იმ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრია, შეხვედრებს, ტრენინგსა და დისკუსიას გულისხმობს.  

კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა სამი ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილია #იმოქმედე. სატელევიზიო ეთერში კლიპები გაზაფხულზე განთავსდება. 

კამპანის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსები, მათ შორის, ძალადობის თემაზე საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად. სხვა ღონისძიებებთან ერთად იქნება  გამოყენებული  ქუჩის ინსტალაციაც.

იუსტიციის სამინისტრო მიესალმება ყველა ინიციატივას, ვინც ჩაერთვება კამპანიაში; ვინც იმოქმედებს და მოუწოდებს სხვებს მოქმედებისკენ ძალადობის შესაჩერებლად.

სოციალური კამპანიის პრეზენტაციას პარლამენტარი ქალი დეპუტატები, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებში, საერთაშორისო ორგანიზაციების − გაერო-ს ქალთა ფონდის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირის მისიის, ევროსაბჭოს, სპორტული სამყაროს და არასამთავრობო სექტორის − წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობას გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. ცვლილებათა მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
 
ინფორმაციისთვის:
საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახში ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ ნებისმიერ ადგილას გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე.  

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მას იარაღი ჩამოერთმევა.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ქალთა წინადაცვეთის კრიმინალიზაციას (ქალთა გენიტალიების დამახინჯება). ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა მსგავსი შემთხვევები. ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების თანახმად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა სტამბოლის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.