აღსრულების ახალი კოდექსის პროექტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს

თარიღი: 15 თებერვალი 2018
იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების ახალი კოდექსის პროექტზე მუშაობა დაასრულა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  დღეს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  სხდომაზე განიხილეს, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი პიტერ დენისი; ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ − ხელმძღვანელი თომას მეიერი; საბჭოს წევრები.

აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის შექმნის მთავარი მიზეზი აღსრულების სფეროში  ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის არარსებობა და  აღსრულების დღეს მოქმედი სისტემის არაეფექტიანობაა. სათანადოდ  არ არის გაწერილი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობები შეუსრულებელ ვალდებულებებზე; სხვადასხვა დროს მასში შესული  მრავალი ცვლილების გამო რთულია კოდექსის აღქმა და გამოყენება.
გარდა ამისა, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძო აღმასრულებლების საქმიანობა არაერთგვაროვნად რეგულირდება. ბიუროს აღმასრულებელი ვალდებულია, წარმოებაში მიიღოს ყველა ტიპისა თუ კატეგორიის საქმე, განსხვავებით კერძო აღმასრულებლისაგან, რომელსაც ასეთი ვალდებულება არ აქვს.

აღსრულების ახალი კოდექსი აყალიბებს სრულიად ახალ სისტემას, მიჯნავს სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს, ამარტივებს სააღსრულებო პროცესსა და წარმოებას, ამცირებს მის ვადებს.
 
აღსრულების ახალ კოდექსზე მუშაობისას იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა ევროკავშირის ქვეყნების (ლიტვის, ლატვიის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბულგარეთის) სისტემა. კვლევამ აჩვენა, რომ, მიუხედავად განსხვავებებისა, ევროკავშირის აღსრულების სისტემას აქვს საერთო მახასიათებელიც − კერძო აღმასრულებლებს საქმის წარმოებაში მიღების ვალდებულება აქვთ და ისინი გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში საქმიანობენ.

აღსრულების ახალი კოდექსი ევროპულ გამოცდილებას ემყარება და სააღსრულებო სისტემის ისეთ რეგულაციებს გვთავაზობს, როგორიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს.

ახალი კოდექსით, უქმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი, მის ნაცვლად კი იქმნება აღმასრულებელთა პალატა, სადაც ყველა აღმასრულებელი გაერთიანდება და მათთვის საერთო რეგულაციები დაწესდება. პალატას 7 წევრისაგან შემდგარი გამგეობა და პალატის თავმჯდომარე უხელმძღვანელობს. აღმასრულებელთა წესდებას და ბიუჯეტს პალატის წევრთა საერთო კრება დაამტკიცებს, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩატარდება.  პალატაზე ზედამხედველობას აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს.

კანონპროექტით, დეტალურადაა გაწერილი აღმასრულებელთა პალატის, გამგეობის, თითოეული აღმასრულებლის − ინსპექტორის უფლებები. გარდა ამისა, ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, აღმასრულებლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება გარკვეულ ტერიტორიაზე ექნებათ. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის საქმეები ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება.

აღსრულების ახალი კოდექსი სხვა არაერთ სიახლეს შეიცავს. მათ შორის: ახლებურად არეგულირებს აღსრულების პროცესს იმ საქმეებში, სადაც ორზე მეტი პირია ჩართული; ცვლის მხარეთა ინფორმირების წესს; მესამე პირისათვის უფლება-მოვალეობების გადაცემის პროცედურას; კიდევ უფრო ძლიერდება  მედიაციის ინსტიტუტი და სოციალური მუშაკი; განსხვავებული წესები შემოდის მოძრავი და უძრავი ქონების დაყადაღებისა და შეფასების შემთხვევებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააღსრულებო შეთანხმება, რომლის თანახმად, მხარეებს ექნებათ უფლება, სააღსრულებო შეთანხმება გააფორმონ აღსრულების ეტაპზეც და ამისათვის სასამართლო არ დასჭირდებათ. შეთანხმების დოკუმენტს სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელი დაამოწმებს.
 
კოდექსი უფრო მეტ მექანიზმს ითვალისწინებს მოვალეთა დასაცავად. კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას, შესაძლებელი გახდება, მოეხსნას ყადაღა მოვალის ქონებას, რათა მან შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება;  იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის გამოცხადების შემდეგ მოვალე შეძლებს ვალდებულებების შესრულებას, შესაძლებელი იქნება აუქციონის შეწყვეტა. მარტივდება მოვალეთა რეესტრიდან პირის ამორიცხვის პროცედურაც.
 
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და მათ მიერ გამოყოფილ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელთა უშუალო ჩართულობით და კონსულტაციების შედეგად შემუშავდა საკანონმდებლო პაკეტი.

სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, აკადემიური წრეების, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.