„OGP − საქართველო“ საჯარო კონსულტაციებს იწყებს

თარიღი: 02 აპრილი 2018
როგორი იქნება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების სამოქმედო გეგმა, რა აქტივობები დაიგეგმება მმართველობის სისტემის ღიაობისა და გამჭვირვალობის გასაზრდელად, რა მოლოდინები და საჭიროებები აქვს ამ კუთხით ქვეყანას და როგორია მოქალაქეების ხედვა − ამ საკითხებზე „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმი საზოგადოებასთან ერთად იმსჯელებს.

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობისათვის საჯარო კონსულტაციები მიმდინარე კვირას იწყება. ერთი თვის განმავლობაში ფორუმის წევრები შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ და საზოგადოებას საკუთარ ხედვას გააცნობენ,  მათგან კი მიიღებენ წინადადებებსა და მოსაზრებებს, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მთავრობამ ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შეხვედრები ყველა რეგიონს მიცავს. „OGP − საქართველოს“ წარმომადგენლები ესტუმრებიან თბილისს, მცხეთა-მთიანეთს, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს, ქართლს, აჭარას, სამეგრელოს, გურიას, იმერეთს. მასპინძლობას საჯარო კონსულტაციების მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები გაუწევენ.

მოსაზრებებისა და წინადადებების მიწოდება სამდივნოსათვის მოქალაქეებს ელექტრონულადაც შეეძლებათ. ამისათვის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/354 სპეციალური შეტყობინებების ველია, რომლის საშუალებითაც საკუთარი მოსაზრებების მიწოდება „ღია მმართველობა − საქართველოს“  სამდივნოსათვის მარტივი შესაძლებელია.

„OGP“-ის სახელმძღვანელო დოკუმენტების გათვალისწინებით, საჯარო კონსულტაციების გეგმა „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) შეიმუშავა. ღონისძიებები „ღია მმართველობასაქართველოს“ ფორუმის ფარგლებში და „USAID“-ის პროგრამის − „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერითა და ფორუმის წევრი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სამინისტროს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობა „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე − 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას გლობალურ სამიტზე წარადგენს, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 17-19 ივლისს გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას  75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი მიიღებს, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები.

ღია მმართველობის მე-5 გლობალურ ფორუმს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. საერთაშორისო პარტნიორობის თავმჯდომარეობა საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის მთავრობისგან 2017 წლის სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარ ფორუმს ხელმძღვანელობს. საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი.

საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.