იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაში მონაწილეობს

თარიღი: 04 დეკემბერი 2018
მიმდინარე წლის 5-12 დეკემბერს ჰააგაში გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) რიგით მე-17 სესია. ასამბლეა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს 123 სახელმწიფოს დელეგაცია და მიიღება მთავარი სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის, ქართველთა ეთნიკური წმენდის, აგრეთვე, ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების დროულად გამოძიების აუცილებლობა საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკის საკვანძო საკითხია. როგორც ადრე ჩატარებულ ანალოგიურ ფორუმებზე, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, თავის გამოსვლაში კვლავ ხაზს გაუსვამს ამ პრინციპს.

სესიის ფარგლებში, აგრეთვე, გაიმართება დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორთა არჩევნები. კანდიდატურაზე აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომლის არჩევა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ძალისხმევის აღიარებას საქართველოს, მათ შორის, 2008 წლის ომის მსხვერპლთა, ინტერესების დაცვის საქმეში. დირექტორთა გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შესაძლებლობა ექნება, ფონდის მხრიდან მეტი ყურადღება გამახვილდეს დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის რეპარაციაზე.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.