იუსტიციის სახლი − მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა

თარიღი: 16 იანვარი 2019


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების ახალი სტანდარტი იუსტიციის სახლში − მეტი ხელმისაწვდომობა 400-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე; სპეციალურად იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომისათვის შექმნილი ახალი ჟესტები 400 ტერმინისათვის; გადამზადებული, თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი 750 თანამშრომელი და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც იუსტიციის სახლებში შშმ  პირების მომსახურების სტანდარტს ნერგავს − იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას  პროექტის  − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ − შედეგები გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში - მუნხტუია ალთანგერელი.
ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის წესებს განსაზღვრავს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხს. სახელმძღვანელო შშმ პირთა საჭიროებების კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მომზადდა. მასზე მუშაობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. 
იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა − სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების ხარისხის სტანდარტში და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის.
პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ამ პერიოდის განმავლობაში
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი ამოქმედდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში;
  • გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა (ჯამში, 750) თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით. შემუშავებული ტრენინგმოდული იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი გახდა, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს;
  • სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები. ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს; შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა; 
  • ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა. ისინი ყრუ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან, რამაც სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურება ჟესტურ ენაზე 200-მდე მომხმარებელმა მიიღო. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და პროექტში ჩართული შშმ პირები.
იუსტიციის სახლი მომავალშიც განაგრძობს მუშაობას საჯარო მომსახურების სისტემის დახვეწაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს გააუმჯობესებს.