იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 18 აპრილი 2019

იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის (UNHCR) ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ფან დერ კლაუსმა.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ლტოლვილთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულთა უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.

მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და ამგვარი შემთხვევების თავიდან არიდების საკითხებზე „UNHCR“ იუსტიციის სამინისტროში პროექტს 2010 წლიდან ახორციელებს. 2012 წლიდან დღემდე მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვი განახევრდა (იყო 1156 და დღეს 558-ია). საქართველოს მიერ ამ სფეროში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ფორმატის შეცვლის თაობაზე − თანამშრომლობა გაგრძელდება არა საპროექტო ხელშეკრულების, არამედ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ორმხრივ ინიციატივებზე იქნება დაფუძნებული.

კერძოდ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის თანახმად,

• გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საექსპერტო და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს დევნილთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა და ლტოლვილთათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაში;
• მხარეები ითანამშრომლებენ ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონეობის შემთხვევების შემცირებისა და თავიდან ასარიდებლად;
• შეაფასებენ მოქალაქეობის არმქონეობის, პირთა ნატურალიზაციისა და დოკუმენტირების სფეროებში არსებულ საჭიროებებს და უზრუნველყოფენ ცალკეული ღონისძიების განხორციელებას;
• დაგეგმავენ და განახორციელებენ კამპანიას მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
მემორანდუმი უვადოა და ის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.