ადამიანთა წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
2019 წლის 17 მაისს იუსტიციის სახლში ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა.
სხდომაზე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა.
2019-2020 წლების წამებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა 4 მთავარ მიმართულებას მოიცავს. ესენია: არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია და არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედმა წამების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ შეისწავლა და გააანალიზა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციები, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგები, ევროპის წამებასთან ბრძოლის კომიტეტის (CPT) ანგარიშები, ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის“ (EU4JUSTICE) ექსპერტთა რეკომენდაციები, ასევე, გათვალისწინებული იყო წამებასთან ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი და პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
საბჭოს სხდომას წევრი სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.