თეა წულუკიანმა სოფელ ჭრებალოში 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

თარიღი: 14 იანვარი 2020


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რიგით 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ რებალოში საზეიმოდ გახსნა.

ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორის მოადგილე ვერნერ ტუტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) „ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის პროექტის“ ხელმძღვანელი თინათინ ტყეშელაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა.

თეა წულუკიანმა მკვიდრ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ცენტრის გახსნასთან ერთად ახალ წელი მიულოცა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორის მოადგილე ვერნერ ტუტმა „UNDP“-ის „ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის პროექტის“ ხელმძღვანელმა თინათინ ტყეშელაშვილმა.

საზოგადოებრივი ცენტრი ჭრებალოსა და მიმდებარე სოფლების − ხვანჭკარას, ქვიშარის, ჭყვიშის, ჟოშხას, გენდუშის, პირველი და მეორე ტოლას − 3000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ადგილიდან გაუსვლელად სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმის თუ საარქივო მომსახურება და სხვ. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შენობის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა მორგებული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.
ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამის ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს. ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა. საღამო საახალწლო ფოიერვერკით დასრულდა.

ჭრებალოში საზოგადოებრივი ცენტრი „UNDP“-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით აშენდა. სოფელ ყაჩაღანის შემდეგ, ეს მეორე საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც მათ მიერ გამოყოფილი სახსრებით აშენდა.
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა 2020 წელს კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება და ისინი კიდევ ათამდე სოფელში გაიხსნება.