თეა წულუკიანი ქარელში იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

თარიღი: 15 იანვარი 2020
უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა ქარელის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2019 წლის ივნისში დაიწყო, დასრულება კი წელს, აპრილშია დაგეგმილი. ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება. ქარელის ფილიალი ქალაქ გორის შემდეგ მეორე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება. 

ქარელის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის   ქორწინების სახლიც განთავსდება. ამ დრომდე  ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის პირობებში დაგეგმოს  დახვეწილი დიზაინის ახალი ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

ქარელის იუსტიციის სახლი საქართველოში რიგით 25-ე იქნება. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12  ახალი ფილიალი შეემატა, რის შედეგადაც 450-ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის  მცხოვრებთაც შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლების არსებობის მანძილზე, ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 31 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა