იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა

თარიღი: 04 იანვარი 2021
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა. 2016 წლიდან დღემდე  ის  – იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის, მანამდე კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. დღეიდან ბექა ძამაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში კურირებას გაუწევს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას საერთშორისო მიმართულებებით.
ბექა ძამაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა;
2012 წელს  – ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London)  სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო კონფლიქტების სამართლის მიმართულებით;
2013 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საჯარო (კონსტიტუციური) სამართლის მიმართულებით; ხოლო 2017 წელს –  ამავე უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა.
არის პროფესორი და სამართლის დოქტორი;
2008-2013 წლებში იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი საქართველოში;
2013-2016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და შემდეგ უფროსი. ამავე პერიოდში გახლდათ ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში;
2016-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსად, ასევე, იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში;
არის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი; აქვს აკადემიური საქმიანობის 9-წლიანი გამოცდილება. 2011 წლიდან სამართალს ასწავლიდა ლონდონის სხვადასხვა სკოლასა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს წარმომადგენელი/დელეგაციის წევრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე (ნიუ-იორკი, ჰააგა); ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში (სტრასბურგი); გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (ჟენევა); ეუთო-ს ადამიანური განზომილების სხდომებზე (ვარშავა); ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამართულ მოლაპარაკებებში (ბრიუსელი).
არის სამართალში ორი სახელმძღვანელოსა (თანასწორობის სამართალი და სამხედრო კონფლიქტების სამართალი) და 20-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
ბექა ძამაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.