2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
თარიღი: 21 იანვარი 2021
„ 2018 წლის 23 მაისს სტრასბურგში 2008 წლის ომის საქმეზე საბოლოო ზეპირი მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა;
დღეს უკვე შემიძლია, გითხრათ, რომ დაპირება შესრულებულია – თორმეტწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა;
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია;
სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე;
შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა;" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ .
რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას კონვენციის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:
- წამების აკრძალვა (კონვენციის მე-3 მუხლი):
როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის , ისე, დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი):
- მიმოსვლის თავისუფლება (კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი) და საკუთრების უფლება (კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი):
ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი იძულებით იქნა გამოძევებული საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და მათ დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებები.
- სიცოცხლის უფლება (კონვენციის მე-2 მუხლი):
5. რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან (38-ე მუხლის დარღვევა):
ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას;
საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში.
სამართლიანი დაკმაყოფილება და ზიანის ანაზღაურება:
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისთვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე გადაწყდება;
აღნიშნულ საკითხზე პოზიციების წარსადგენად მხარეებს 1 წელი ექნებათ.
„სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მისი მთავრობის, საჯარო მოხელეების მიერ გაწეულ უდიდესი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგს, რის გამოც მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას – თითოეულ უწყებასა და თანამშრომელს, ვინც აღნიშნულ საქმეზე იმუშავა;
მათ შორის, პირველ რიგში, იუსტიციის გუნდს და თეა წულუკიანს, ვისი ხელმძღვანელობითაც 2013 წლიდან არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმუშავეთ და დღეს უკვე 2008 წლის ომის საქმეზე სამართლებრივი დავა დავასრულეთ;
სტრასბურგის სასამართლოში დაკითხულ ქართველ მოწმეებს, რომელთა ღირსება და სამოქალაქო სიმამაცე გადამდები იყო და აძლიერებდა იუსტიციის გუნდის ძალისხმევას;
საგამოძიებო უწყებებსა და მათ თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისათვის;
ქართველ სამხედროებს, რომლებმაც ღირსეულად იბრძოლეს 2008 წელს და შესაძლებელი გახადეს, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა სამართლებრივი საშუალებებით გაგვეგრძელებინა, ასევე, ექსპერტებს სამხედრო საკითხებში, ვინც ჩართული იყო ამ საქმის წარმოებაში;
მხოლოდ ასეთი ერთიანობით იყო შესაძლებელი და მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას;
ეს იყო ღირსების საქმე და ეს გამარჯვება მთელ ქვეყანას ეკუთვნის!“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.